შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშლენ კალმი-რეი გამოცემა LE TEMPS-თან საქართველო-რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებების დეტალებს იხსენებს. შვეიცარია მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა და სწორედ მათ წამოაყენეს კომპრომისული წინადადება, რომელზეც ქართულმა და რუსულმა მხარეებმა თანხმობა განაცხადეს.
კალმი-რეი ამბობს, რომ ამოცანა ძალიან მკაფიო იყო: „ჩვენ ისე უნდა შეგვექმნა მსო-ს ნორმების დაცვის გარანტიები რუსეთს და საქართველოს შორის საქონლის გადაადგილებაზე, რომ ეს არ შეხებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსს".
მისი განმარტებით: „ერთ-ერთ ჩემს დიპლომატს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა მკაფიო საბაჟო პუნქტების ნაცვლად საბაჟო დერეფნების შექმნის შესანიშნავი იდეა გაუჩნდა. ეს ნოვატორული იდეა დაგვეხმარა იმაში, რომ პროცესი ერთი შეხედვით ჩიხური სიტუაციიდან გამოგვეყვანა".
ამგვარად, საუბარია ციფრული დაკვირვების ქვეშ არსებულ სამ დერეფანზე, რომელშიც შეიძლება გადაადგილდეს საქონელიც და ადამიანებიც.
სტატიის ავტორი ბორიის მაბიიარი წერს, „კალმი-რეის კარგად ესმოდა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებული იყო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით".
„ამოცანა იყო ცხადი: რუსეთისთვის უნდა მიგვეცა საშუალება მსო-ში 2011 წლის დეკემბერში გაწევრიანებულიყო. ასეთ პირობებში შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 10 ნოემბერი გახდა", - განაცხადა კალმირეიმ.
მისი თქმით, შედეგის მისაღწევად ისინი შეეცადნენ, რომ მხარეები რაციონალურ განსჯამდე მიეყვანათ.
„ჩვენ შევეცადეთ საკითხის სირთულე შეგვემცირებინა, დავყავით რა პრობლემა რამდენიმე ნაწილად და ვმოქმედებდით მაქსიმალურად მეთოდურად", - ამბობს მიშლენ კალმი-რეი.
მისი თქმით, ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ყოველთვის არის როგორც აღმასვლის, ასევე დაღმასვლის ფაზები, ამიტომ უკიდურესად მომთმენი უნდა იყო.
„ზოგჯერ კვირაობით გიწევს ერთ სიტყვაზე, ერთ მძიმეზე დავა. ასეთი მოლაპარაკებების დროს ადგილი აქვს ხოლმე ძალიან მგრძნობიარე მომენტებს. ატმოსფერო დაძაბულია. ადამიანები გამოსავლის ძიებაში თავს არ ზოგავენ. ამ დროს მყარდება კავშირები, ჩნდება სიახლოვე", - განაცხადა კალმი-რეიმ.
შვეიცარიის პრეზიდენტი იხსენებს მის ბოლო ვიზიტს რუსეთსა და საქართველოში, როდესაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
„ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს რუსეთსა და საქართველოში 31 ოქტომბერს, ჩვენ ორივე ქვეყნის პრეზიდენტს უნდა შევხვედროდით. ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ იყო. თვითმფრინავში ჩვენი ჰოროსკოპები შევამოწმეთ. ჩემი ჰოროსკოპი ძალიან კარგი აღმოჩნდა. მასში ნათქვამი იყო: „კარგი დღეა საუბრებისთვის, რომელსაც შეიძლება რთული სიტუაციების გარკვევა ან გადაწყვეტა მოჰყვეს"", - იხსენებს კალ-მირეი.
მისი განმარტებით, კომპრომისული გადაწყვეტილება პირველ რიგში სასარგებლო იყო რუსეთისთვის, რომელიც შელებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
„და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელსაც რუს პარტნიორთან ვაჭრობის წარმოება გაუადვილდება. შვეიცარიას ამ საქმეში თავისი ინტერესი აქვს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთში დიდ ექსპორტს ვაწარმოებთ. მეორეც, მჭიდრო და ხშირმა კონტაქტებმა რუსეთთან ხელი შეუწყო ორმხრივი საკითხების ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას: ჩვენ შევთანხმდით ძვირფას ლითონებზე საათების მწარმოებლებისთვის. უახლოეს დღეებში როგორც ჩანს გადაწყდება ასევე შვეიცარული თვითმფრინავების რუსეთის ტერიტორიის გავლით ფრენის საკითხიც"", - აღნიშნავსკალმი-რეი.
როგორ პასუხობს ამას რუსეთი? 4 ნოემბერს, ანუ შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, „დიდმა ოცეულმა შვეიცარელი ფილიპ ჰილდერბრანდი ფინანსური სტაბილურობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ აირჩია, რაც რუსეთის ხმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.