პირდაპირი ჩართვის და მიმართვის ფორმატს იშვიათად მივმართავ, პრესკონფერენციისა და რაიმე კონკრეტული ღონისძიების გარეშე, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, მართლაც, ისტორიულ რეზოლუციას - რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც დღეს ევროპის პარლამენტმა მიიღო.
ეს რეზოლუცია ჩვენთვის რამდენიმე ასპექტით არის ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენს დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, დემოკრატიული, ევროპული მომავლისათვის.
პირველი, რაც ამ რეზოლუციაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად ძალიან დეტალურად, ცალსახად აისახა, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების უკანონო სამხედრო ოკუპაციას.
ევროსაბჭოს რეზოლუციებში, ასევე ევროპარლამენტის ერთ-ერთ რეზოლუციაში ტერმინი „ოკუპაცია" ადრეც იყო გამოყენებული, ამ ტერმინს იყენებს როგორც აშშ-ის კონგრესი, ისე ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა, წარმომადგენლობითმა არჩევითმა ორგანომ პირველად დააკანონა ის, რომ საქართველოში რუსეთის ყოფნა არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.
დღევანდელი რეზოლუციის შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ჩვენი მთავარი საარსებო გარემო - ევროპა არასდროს აღარ აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ აქტს.
ამის შემდეგ ევროპა ნამდვილად არასდროს აღარ აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას და საქართველოს დაქუცმაცებას. ეს არის წარმოუდგენელი დარტყმა იმ მზაკვრულ გეგმებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ.
ეს დოკუმენტი ჩვენი პასპორტია, რომ ვერასდროს ვერ განხორციელდება იმის ლეგალიზება, რისი დაკანონებაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, აბსოლუტურად, შეუძლებელია. დღეს ეს უკვე შეუქცევადად არის აღიარებული ევროპის პარლამენტის მიერ.
მეორე საკითხი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის ძალზე ემოციური და პირადი ბრძოლის მნიშვნელოვანი თემა იყო არის ის, რომ 90-იან წლებში ჩვენ გამოგვაძევეს აფხაზეთიდან.
ასობით ათასი ადამიანი, საქართველოს მკვიდრი ყველა ეთნოსის წარმომადგენელი: ეთნიკური ქართველები, ეთნიკური ბერძნები, ეთნიკური ებრაელები, ეთნიკური უკრაინელები, ეთნიკური ესტონელები, ბევრი ეთნიკური აფხაზი და რუსი, ასევე სხვა ეროვნების ხალხი მხოლოდ იმის გამო გამოყარეს საკუთარი სახლებიდან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთგული იყვნენ.
მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და ამერიკაში ვსწავლობდი და, შესაძლოა, ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ მომენტში არ ჰქონდა, მაგრამ ვწერდი სტატიებს. მახსოვს როგორ ვაკრიტიკებდი საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტსა და მთავრობას იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იგივე ხდებოდა ბალკანურ ქვეყნებში და ბალკანეთის შესახებ ევროპა ამას ცალსახა შეფასებას აძლევდა, როგორც სამხედრო დანაშაულს და ეთნიკურ წმენდას.
ეუთოს დოკუმენტებში ეს ირიბად იყო-ხოლმე ნახსენები, მაგრამ კონკრეტულად არასდროს არ თქმულა, რომ საქართველოში განხორციელდა უშუალოდ ეთნიკური წმდენის დანაშაული.
ამ ეთნიკური წმენდის ჩამდენები არასდროს არ ყოფილან კონკრეტულად იდენტიფიცირებული.
დღევანდელ დოკუმენტში სიმართლემ, როგორც იქნა, საბოლოოდ იზეიმა ამდენი წლის შემდეგ.
მინდა წავიკითხო ის, რაც პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან ემოციური მომენტია.
„რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით იმ ტერიტორიებზე, რომელიც არის ოკუპანტი ძალის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპანტი ძალა პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე ამ სივრცეში".
მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულშია დადანაშაულებული.
ბალკანეთის შემდეგ ევროპაში ოფიციალურად არავინ არ დაუდანაშაულებიათ მსგავსი დანაშაულის ჩადენაში. უკანასკნელი იყო ნიურბერგი და შემდეგ მილოშევიჩისა და სხვა ბალკანელი სამხედრო დამნაშავეების საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში.
მრავალი წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს რეგიონების ოკუპანტი მხარე, ცალსახად არის დადანაშაულებული, ასეთი დანაშაულის ჩადენაში.
ერთი რამ ვიცი, ისტორიულად ოკუპაცია ყოველთვის დეოკუპაციით მთავრდებოდა და უკანასკნელ პერიოდში სამხედრო დამნაშავეები ყოველთვის ისჯებოდნენ.
დღეს ამისთვის ყველაზე ნათელი იურიდიული საფუძველი შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ყველაფერი სამართლიანად დასრულდება და საბოლოოდ ვიზეიმებთ.
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციაში განხილულია ჩვენი ბოლო შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ მათთვის არც თუ ისე ადვილად მისაღები პრინციპის დაფიქსირება.
შემდეგი ძალზე მნიშვნელოვანი და ისტორიული საკითხია ის, რასაც დღეს სტრასბურგში დაუჭირეს მხარი.
მსურს ციტატა წაგიკითხოთ:
„ევროპის პარლამენტი აღიარებს საქართველოს, როგორც „ევროპულ სახელმწიფოს" (ახალი აქ არაფერია და ბოლო პერიოდში ამას გამუდმებით ამბობენ) და ხაზს უსვამს ევროკავშირის მიერ აღებულ ვალდებულებას საქართველოს მიმართ - გავრცელდეს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები".
მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რაც დიპლომატიური ენით არის დაწერილი: ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის უმაღლესი არჩევითი ორგანო პირველად აღიარებს საქართველოს პერსპექტივას, გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი.
რატომ მოხდა ეს? განმარტება ამავე რეზოლუციაშია. ეს მოხდა იმიტომ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა შორის საქართველო საუკეთესოა რეფორმატორი ქვეყანაა.
აქ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია, მათ შორის, იმ ტერორისტული აქტების თაობაზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე.
„ევროპარლამენტი შეშფოთებულია გასული წლიდან საქართველოში განხორციელებული ტერორისტული შეტევებით და საქართველოსა და რუსეთს მოუწოდებს ითანამშრომლონ ზემოაღნიშნული ტერორისტული შეტევების გამოძიების თვალსაზრისით".
საქართველო რომ თანამშრომლობს, ეს ყველამ ვიცით. აქ სრულიად კონკრეტულად არის ნახსენები რუსული მხარის პასუხისმგებლობის თაობაზე და იმის შესახებ, რომ ჯიუტად გაურბიან თანამშრომლობის პროცესს.
ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბევრი სხვა პუნქტიც, მაგრამ მინდა კარგად გავიაზროთ ის, თუ რა მოხდა დღეს.
დღეს, ის პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაგვირგვინდა, რომელზეც ჩვენ ომის შემდეგ ვმუშაობთ. სტალინის პერიოდის შემდეგ, რუსეთი პირველად შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ვერ შეძლო ამ ქვეყნის მთლიანად ოკუპირება და მისი მთავრობის დამხობა.
ეს არის წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური გადატრიალება რუსეთის პოზიციის თვალსაზრისით. საქართველოს ხალხმა თავისი ერთიანობით, შეკრულობით, სიმტკიცითა და წინააღმდეგობის სურვილით, პრაქტიკულად, სასწაული მოახდინა.
ჩვენი ერის უდიდესი გაბედულება ევროპელი ხალხის აღტაცებას იწვევს და პატარა მებრძოლი ხალხის მხარდაჭერის სურვილს აღვივებს.
ეს არის ყველა ევროპელის ბუნებრივი ინსტინქტი.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენში რომ არ იყოს თავისუფლების უდიდესი სურვილი, მაშინ ამას აზრი არ ექნებოდა და ამ მხარდაჭერის არც ობიექტი იქნებოდა და არც სუბიექტი.
მეორე, ეს არის შედეგი იმისა, რომ ამ ომის 3 წლის თავზე საქართველო არათუ არ გაცამტვერდა, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდაც შეძლო.
საქართველოში არის კონსოლიდირებული საზოგადოება, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ და კვლავაც ვაგრძელებთ. ჩვენ არ გვეშინია მომავლის.
ჩვენი ქვეყნის მომავალში მეტად დარწმუნებული ვართ.
დღევანდელი დოკუმენტი ქმნის საქართველოს გარდაუვალი გამთლიანების იურიდიულ საფუძველს, რათა ამ დიდ ბრძოლაში კვლავაც განვვითარდეთ, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ, შევიქმნათ ევროპული მომავალი და საბოლოოდ გავიმარჯვოთ.
სიმართლე ჩვენი ხალხის მხარესაა, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე, მრავალეთნიკური საზოგადოების მხარეს. ამიტომ, ნამდვილად მოსალოცად აქვს საქმე იმ დიპლომატებსაც ვინც იქ იყვნენ და დანარჩენ ჩვენს მოქალაქეებსაც!
დიდი მადლობა!