სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ" ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე მომუშავე კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის დახურული შეხვედრის შემდეგ გახდა.
სამი არასამთავრობო ორგანოზაცია კომისიის წევრობაზე უარს ამბობს, მაგრამ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები სიების გადამოწმების პროცესში მაინც ჩაერთვებიან და შესაბამის ჯგუფს ექსპერტულ დახმარებას გაუწევენ.
საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომისიაში ადგილების ერთი მესამედი არასამათავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით.
"ეს სამი ორგანიზაცია არჩევნების დროს მონიტორინგს ახორციელებს. მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სიების გადამოწმების კომისიის წევრობის შემთხვევაში მათი მხრიდან ინტერესთა კონფლიქტს ექნება ადგილი, თუმცა ეს ორგანიზაციები კომისიის მუშაობაში მაინც ჩაერთვებიან და ექსპერტულ დახმარებასაც გაუწევენ", - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.