2010 წლის ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო მორიგი ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანიც გახლდათ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება. დაკომპლექტდა საპროექტო ჯგუფი და დაიწყო პირველი ქართული თამაშის შექმნის პროექტი.
თამაშის პროექტის გუნდმა თავიდან მოიძია და შეისწავლა ახალი ტექნოლოგიები. ახალბედა და დამწყებმა სპეციალისტებმა აითვისეს კომპიუტერული თამაშების გრაფიკისა და პროგამული კოდის თავისებურებები. შემუშავდა თამაშის კონცეპტ დოკუმენტი სადაც აღიწერა როგორი უნდა ყოფილიყო თამაში ზოგადად და მისი ცალკეული გმირები - პოზიტიური გმირები, მტრის პერსონაჟები, სათამაშო გარემო, რა გარემოში აღმოჩნდებოდა მოთამაშე და ა.შ.
პარალელურად ჩატარდა სამუშაოები ანიმაციის შესწავლისა და დახვეწის მიმართულებით, პირველი ამოცანა, რომელიც სამუშაო გუნდის წინაშე იდგა, ეს იყო მაქსიმალურად ახლოს მიეყვანათ მოთამაშე საბრძოლო რეჟიმთან, რათა შეეგრძნო სათამაშო გარემო, იარაღი, მოწინააღმდეგეები და სხვა დეტალები. ყოველივე ამაში დიდი დახმარება გაწია პოლიციის აკადემიამ და მისმა ინსტრუქტორება, რომლებმაც მოკლე დროში, დეტალურად აუხსნეს და შეასწავლეს პროექტის გუნდს პოლიციის უნარჩვევები და ქცევის ელემენტები.
ანიმაცია ამ დროისათვის ხელითაა გაკეთებული, რამაც საკმაოდ დიდი დრო დაიკავა. დღეისათვის უკვე არსებობს თანამედროვე სტანდარტების ე.წ. „მოუშენ ქეფჩერის" აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა მცირე დროში მაღალი ხარისხის ანიმაციის შესაქმნელად, ეს იქნება უზარმაზარი ნახტომი დროის დაზოგვისა და ხარისხის ზრდის მიმართულებით. თამაშში გაჩნდებიან აგრეთვე რეალური, ცნობადი პერსონაჟები და სათამაშო ადგილები (ლოკაციები).
თამაშის მეორე ვერსიის სიუჟეტი განახლებული ბათუმის ქუჩებში ვითარდება.