საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ემანუელ ბონიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწესთან, იური უშაკოვთან გამართა მოლაპარაკებები.
წყაროები შეხვედრის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებების მიზანი ძირითად საკითხებზე, განსაკუთრებით კი, უკრაინაზე დიალოგის წარმოება იყო. მათივე განცხადებით, რუსეთთან კონტაქტის შესახებ ევროპელი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს, თუმცა განაცხადეს: „როგორც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე, სრული გამჭვირვალობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციით მიმდინარეობს“.