პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მის შვილთან, რატი მილორავასთან მიმართებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ავტომანქანას დაეჯახა“ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ეკა ბესელია წერს, სამართალდამცველებმა მისი შვილი დააკავეს, რომელსაც „ერთმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“
„პროპაგანდისტული მედიით ვიდრე დამესხმებით თავს, სიმართლე არის ეს: გუშინ ღამის 00:00 საათზე დამირეკეს, რომ ჩემი შვილი რატი, საპატრულო პოლიციამ დააკავა და ძალის გამოყენებით წაიყვანა.
რა დროც გზაში დამჭირდა, მივედი ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც ჰყავდათ გაჩერებული ავტომანქანა და თავად ჩემი შვილი გადაყვანილი ჰყავდათ სადღაც… როგორც მითხრეს, ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის მანქანას მიედო ისე, რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული.
ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და გაუშვეს.
მთავარი იწყება ამის შემდეგ: ღამის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ, ხან რას. პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო, მითხრა, რომ დიღმის სამმართველოშია. წავედით დიღომში და იქ არ იყო, როგორც ხდება ამ ბოლო დროს…
ვეძებეთ, ვრეკეთ და ღამის 03:00 სთ მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ჰქონდათ. 1 საათი ეზოში ჰყავდათ გაჩერებული.
ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა, რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო. ღამე ვერ შევედი და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში, როგორც იქნა…
აი, ესაა მეორე მთავარი ისტორია - შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით…ახლა 15:35 საათია და არც დამკავებელი ვიცი, არც დაკავების ოქმი მაქვს, არც არაფერი, რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს, იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს...
ახლად ნაოპერაციებია და გავაფრთხილე, ნუ ეჯაჯგურებით, საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იმავეს განმეორება…
რაც დაარღვია - ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს, მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს - იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩნდება?
4 ადვოკატი ვეძებთ საქმის ავტორს და მასალებს ამ დრომდე. არ მქონდა წერის თავი, ისე ვიყავი ემოციურად, მაგრამ ახლა ვწერ რადგან დაიწყო წერა პროპაგანდამ ათასი სიბინძურის გავრცელება.
კანონის დაცვას ვითხოვ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს! სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს, ეს ორივე რეჟიმმა - წინამ და ახლანდელმაც კარგად იცის“,- წერს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რატი მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა.