რუსული მედია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს უგზავნის სიგნალებს იმის შესახებ, რომ მას რაც შეიძლება მალე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება სურს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ "სიგნალები" არა მოსკოვიდან თბილისში, არამედ თბილისიდან მოსკოვში მიდის.
"სინამდვილეში, "სიგნალები" ჩვენგან კი არ ყოფილა, არამედ ბატონი ვაშაძისგან, რომლებიც რესპექტაბელური დასავლეთევროპელი ჩინოვნიკების პირით გადმოგვცა", _ აცხადებს რუსეთის საგარეო უწყებაში არსებული წყარო და დასძენს, რომ "როგორც ჩანს, ვაშაძის ხელმძღვანელობამ გაიგო იმის შესახებ, რომ მას მოსკოვისთვის სიგნალები ჰქონდა გაგზავნილი და ახლა იგი თავის გამართლებას ცდილობს. აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება "სამშობლოს ღალატი იქნებოდა".
"ალბათ, ვაშაძეს თავისი კარიერის გამო ეშინია და ამიტომ ყველაფერს თავდაყირა აყენებს", _ აცხადებს წყარო და "დაგვიანებულს" უწოდებს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთისადმი გაკეთებულ გრიგოლ ვაშაძის მოწოდებებს "სტატუსის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ".
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ "მედევდევისა და სარკოზის" დოკუმენტად ცნობილ დარეგულირების გეგმაში იყო პუნქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საერთაშორისო განხილვის დაწყების შესახებ და ეს პუნქტი ამ დოკუმენტში სწორედ მოსკოვის ინიციატივით იყო ჩართული.
"მაგრამ შემდეგ სარკოზი თბილისში გაფრინდა ამ დოკუმენტით და სააკაშვილმა პირადად მოითხოვა ამ პუნქტის ხელშეკრულებიდან ამოღება. ასე რომ, როგორც ამბობენ, მატარებელმა უკვე ჩაიარა", _ აცხადებს წყარო.