ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური ბუნება იმდენად რთულია, შეუძლებელია მას ოდესმე ჩასწვდე. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებაზე იქაგადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ადამიანი , თავისი ფიზიკური და სულიერი შემადგენლობით უდიდესი სასწაულია.
"თუნდაც ის, როგორ არის შერწყმული სული და ხორცი - როგორც კი ამოვა სული ადამიანიდან, ხორცი კვდება. დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება ადამიანიც", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე გაიხსენა სოლომონ ბრძენის სიტყვები - "ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს ქვების შეგროვებისა, ჟამი არს ქვების ტყორცნისა" და განაცხადა, რომ დროის ცვალებადობის ანალიზი საკმაოდ რთული პროცესია, რასაც ასევე ვერ ჩაწვდება ადამიანი ბოლომდე.
"ადამიანმა ეს ყველაფერი თავმდაბლად უნდა მიიღოს, რადგან, ე.ი მისთვის არ იყო საჭირო ამ ყველაფრის ცოდნა. თუ ყველაფერი ეცოდინება ადამიანს, იგი ამპარტავნებისგან დაიღუპება", - ბრძანა პატრიარქმა.
წირვის დროს პატრიარქმა ამბიონზე აიყვანა ტაძარში შეკრებილი მცირეწლოვანი ვაჟები და დალოცა. ქადაგების დასასრულს შაიშმელაშვილების, ლომსაძეების, საყვარელიძეების, ავალიანების, ცალხელაშვილებისა და რევაზიშვილების გვარები დალოცა.