ესპანეთი უკრაინას 437 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრისას მხარეებმა რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
„ომის განმავლობაში ესპანეთი თანმიმდევრულად გვეხმარება და მხარს გვიჭერს. ახლა კი ესპანეთისგან 437 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გვაქვს. მადლობა!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან სანჩესთან დახმარების პაკეტის შინაარსი და თავდაცვის სფეროში უკრაინის ყველაზე აქტუალური საჭიროებებიც განიხილა.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის დარტყმებზე უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე, ლოგისტიკურ ქსელსა და რკინიგზაზე.
„მიმდინარე წელს რუსეთმა უფრო მეტი ჩვენი ლოკომოტივი დააზიანა, ვიდრე ამ ომის ყველა წინა წელს ერთად. მუდმივი თავდასხმების ქვეშაა ენერგეტიკული ქსელი და წყალმომარაგება. ვითარება რთულია, განსაკუთრებით კიევში, და ჰუმანიტარული დახმარების თითოეულ ნაბიჯსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა ესპანეთს და პირადად პედროს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.