უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა ონლაინარჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილოს, თუმცა ამისთვის უმაღლესმა რადამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, თუმცა ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯარისკაცის პროფესიაა, რადგან ჯარისკაცები სიცოცხლეს რისკავენ. არჩევნების ჩატარება, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, უსამართლოა. ეს 100%-ით უსამართლობაა. შეგვიძლია ონლაინარჩევნების შესაძლებლობა განვიხილოთ. შესაძლოა, ეს რეალურიც იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში პარლამენტმა გამოსავალი უნდა მოძებნოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროები არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, რადგან სანგრებში მყოფი სამხედროებისთვის ხმის მიცემის ორგანიზების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს.
ზელენსკიმ განმარტა, რომ სწორედ სამხედროებმა შეინარჩუნეს და დღემდე იცავენ უკრაინის სახელმწიფოებრიობას, ამიტომ მათთვის ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლების უზრუნველყოფა სამართლიანი საარჩევნო პროცესის აუცილებელი პირობაა.