საქართველოს პარლამენტმა ბოლო რიგგარეშე სხდომაზე 98 ხმით დაამტკიცა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი.
კოდექსში ცვლილებები ეხება დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევითობას და ამისთვის 30-პროცენტიანი ბარიერის დაწესებას; საარჩევნო პროცედურების დახვეწას და რიგი საარჩევნო ვადების გაზრდას; საუბნო კომისიების პოსტზე მდივნად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას, რასაც ხელისუფლება დიდ მიღწევად აფასებს.
თუმცა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა _ იგივე პრინციპი საოლქო უბნებზედაც გავრცელებულიყო. შეუთანხმებელი დარჩა შემაჯამებელ ოქმებზე ცესკოს მიერ გადაწყვეტილების 2/3-ით მიღებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნაც.
გადაწყდა, რომ პოლიტიკურ პარტიებზე სიების გადასამოწმებლად თანხები თანაბრად გადანაწილდება, ხოლო დედაქალაქში 15 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე ჩაწერილი პირები თბილისის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.