აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის შესახებ „დეტალურად“ ისაუბრა.
„ბიბი ნეთანიაჰუსთან ამ მოვლენაზე დეტალურად ვისაუბრე“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ნეთანიაჰუმ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოუყვეს, როგორ დაეხმარა თვითმფრინავში მყოფი ისრაელელი სანტექნიკოსი ეკიპაჟს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პილოტი მეორეს თავს დაესხა.
„ეს ისტორია მომიყვა ბიბიმ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა. ვფიქრობ, ეს ყველაზე საოცარი ისტორიაა. ვფიქრობ, სიმართლეა და საკმაოდ წარმოუდგენელია“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, თვითმფრინავის მეორე პილოტი შესაძლოა ტერორისტი ყოფილიყო, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ის კარები მყარი ფოლადისაა, გარედან ვერ გააღებ. მან კარის გაღება შეძლო, შემდეგ კი იყვირა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ამის შემდეგ ბორტზე მყოფმა სანტექნიკოსმა ყვირილი გაიგო და კაბინისკენ გაიქცა, მეორე პილოტი სავარძლიდან ააყენა, უკან გადააგდო, მგზავრებმა კი ის შეაჩერეს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დროს თვითმფრინავი არასწორი კუთხით ეშვებოდა, სანტექნიკოსმა კი „მართვის სადავე აიღო, ზემოთ ასწია და თვითმფრინავი გაასწორა“.
ტრამპის თქმით, როცა სანტექნიკოსს ჰკითხეს, როგორ მოახერხა თვითმფრინავის დაშვება, მან უპასუხა, რომ გადაცემა Air Disasters ხშირად უყურებს.
„ამ გადაცემიდან ისწავლა, როგორ უნდა ფრენა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის მხარეს ინფორმაცია არ აქვს, სურდა თუ არა მეორე პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება.
ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუკის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ Flydubai-ის რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.