რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ზიგფრიდ მურეშანის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა, რის გამოც ქვეყანაში მაისიდან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.
მედიის ცნობით, მურეშანის კანდიდატურას მხარი 182-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 15 იყო. მთავრობის დასამტკიცებლად კი 233 ხმა იყო საჭირო.
მთავრობის დამტკიცებას მხარს უჭერდნენ ეროვნული ლიბერალური პარტია (PNL), რუმინეთის ხსნის კავშირი (USR) და დემოკრატიული უნგრელთა კავშირი (UDMR). სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PSD) დეპუტატები სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ხოლო AUR-ის დეპუტატები სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
მურეშანი პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც წინა მთავრობის გადადგომის შემდეგ ქვეყნისთვის ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ეს უკვე მთავრობის დამტკიცების მესამე წარუმატებელი მცდელობაა.
კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ პრეზიდენტ ნიკუშორ დანს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციური შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა მას ასევე შეუძლია ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინოს.
Reuters-ის ცნობით, მთავრობის ფორმირების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა რუმინეთის პოლიტიკური კრიზისის გახანგრძლივებას იწვევს და ქვეყნის ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ სტაბილურობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს.