აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიზელის საწვავის ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომია. მისი თქმით, ვითარებაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე მეტად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები მოქმედებს.
ტრამპის განცხადებით, რუსეთში დიზელის საწვავის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები „საგანგაშო სისწრაფით“ გამოდიან მწყობრიდან, რაც საწვავის ბაზარზე მიწოდების პრობლემებს ქმნის.
„დიზელის საწვავზე გაცილებით დიდი გავლენა იქონია არა ახლო აღმოსავლეთში, არამედ რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა, რადგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც დიზელს აწარმოებენ, საკმაოდ საგანგაშო სისწრაფით გამოდიან მწყობრიდან“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები რომ არ განხორციელებულიყო, დიზელის საწვავთან დაკავშირებული დღევანდელი პრობლემა გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენები დიზელის საწვავის ბაზრისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გახდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ბოლო პერიოდში არაერთხელ დაუკავშირა დიზელის საწვავის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს. 13 სექტემბერს მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეეწყვიტა რუსეთის დიზელის წარმოების ობიექტებზე თავდასხმები და განაცხადა, რომ ეს საწვავის დეფიციტს იწვევდა.