ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს და საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს კოლექტიური გადაწყვეტილების საფუძველზე, ამის შესაძლებლობა იქნება.
„ჩვენს კანონებში არ არსებობს იურიდიულად დადგენილი დაბრკოლებები ლატვიაში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის“, - განაცხადა რინკევიჩსმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ლატვიაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება და ნატო შესაბამის კოლექტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ლატვია მზად იქნება ალიანსის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
რინკევიჩსის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე ნიდერლანდებისთვის, დამატებითი ბირთვული შეკავების მექანიზმის შეთავაზებას განიხილავს. ბრიტანეთის წინადადების ფარგლებში მნიშვნელოვან როლს მისი ბირთვული წყალქვეშა ნავები შეასრულებს.
რინკევიჩსმა ასევე გაიხსენა, რომ 2003 წელს, ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადების პერიოდში, ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ მათ არ ექნებოდათ შეზღუდვები ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებში, მათ შორის ბირთვული შეკავების სისტემაში მონაწილეობაზე.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადება რეგიონში ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიის გააქტიურებას ემთხვევა. სექტემბერში ლიეტუვის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციიდან ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის ამოღებას მხარი დაუჭირა პირველივე კენჭისყრით.
ამასთან, 30 სექტემბერს რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კალინინგრადის ოლქისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. ნატო-მ მოსკოვის განცხადებებს „უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა.