ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნაინდროვალის მოსახლეობა, რომელიც წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სოფელ ნაინდროვალში განადგურდა ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა კულტურები. დაიხოცა ფრინველი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზარალებული მოსახლეობის თქმით, ზარალის დამთვლელ კომისიას, რომელიც რაიონის გამგეობაში შექიმნა, ნაინდროვალში მიყენებული ზიანი ამ დრომდე არ შეუსწავლია.
"სტიქიის შედეგებს საკუთარი ძალებით ვებრძვით. ოთახები წყლისგან ძლივს გავწმინდეთ, მაგრამ სტიქიამ ყველაფერი წაგვართვა, რაც კი ზამთრისთვის გვქონდა შეძენილი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. გამგეობიდან ჩვენთან მხოლოდ მაშინ იყვნენ, როცა სტიქიის დროს ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და მათ კომენტარები მისცეს~, - აცხადებენ ნაინდროვალის მაცხოვრებლები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამგეობამ უკვე მიმართა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. რაც შეეხება დაზარალებულების დასახმარებლად ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანხების გამოყოფას, გამგებლის თქმით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.