ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ფედერალური კანცლერის მოვალეობას შეასრულებს ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნამდე. ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენის ოფისმა ოთხშაბათს, 8 იანვარს განაცხადა.
ოფისის განცხადებით, პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირებამდე კანცლერის მოვალეობის შესრულება 55 წლის შალენბერგს ანდო, ავსტრიის სახალხო პარტიიდან.
ალექსანდერ შალენბერგი საგარეო საქმეთა მინისტრია 2019 წლიდან. მან უკვე განაცხადა, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში საკუთარ თავს ვერ ხედავს. შალენბერგი უკვე იყო ავსტრიის დროებითი კანცლერი 2021 წელს კანცლერ სებასტიან კურცის გადადგომის შემდეგ.
ავსტრიაში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვრის დასაწყისში კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დატოვა ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერისა და კანცლერის თანამდებობები. მან ეს გადაწყვეტილება სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მოლაპარაკებების ჩავარდნით ახსნა.
ორი დღის შემდეგ, ავსტრიის პრეზიდენტმა ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნა ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია „თავისუფლების“ ლიდერს ჰერბერტ კიკლს დაავალა.