სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისადმი. მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს
პატივცემულო ბატონო ბიძინა! უპირველესად ყოვლისა, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმ სასიცოცხლო და უანგარო დახმარებისთვის, რასაც ყოველთვიურად გვაწვდით ქართული ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩემი მეუღლის, ქ-ნ თამარ ჯავახიშვილის დახმარებით გავეცანი თქვენს განცხადებას. თავად მე საკმარისი თვალთახედვა აღარ გამაჩნია, _ უმწეო მოხუცი ვარ, ერთი თვის შემდეგ ოთხმოცდაათისა ვსრულდები. ამდენი ჩემს ახლო და, მგონია, არც შორეული წინაპრებიდან თითქმის არავის უცოცხლია. თქვენმა განცხადებამ, ბატონო ბიძინა, რეტი დამასხა, გამაოგნა, რადგან თქვენი სახით ქართველ ერს მოევლინა კაცი, რომლის გამოცხადებაზე სიტყვით, კალმით თუ საქმით ბოლო ორმოცდაათი თუ მეტი წლის მანძილზე ვოცნებობდი, როგორც ქართველი ერის ხსნაზე და მომავალი განვითარების ერთადერთ შესაძლებლობაზე. ვინ ყოფილხართ, რა გონიერებისა, ცხოველმოსილებისა და გამჭრიახობის მქონე ადამიანი და მოღვაწე ბრძანებულხართ!!! ქართველი ერის იმ ნაწილმა, ვინც თქვენს განცხადებას გაეცნო და თქვენი უკვე ნაღვაწი იხილა, _ შეიძინა რწმენა, რომ ხვალინდელ დღეს შემდგომი არსებობისა და განვითარების პერსპექტივა გააჩნია. თქვენი უკეთილესი განზრახვები იხსნის ჩვენს ერს საბოლოო განადგურებისგან და თავს უფლებას ვაძლევ, განვაცხადო, რომ სიხარულითა და სიამაყით ვუერთდები ბატონ ბიძინა ივანიშვილის გრანდიოზულ წამოწყებას და უწინდელივით ვიბრძოლებ ახლა უკვე თქვენთან ერთად! ვამთავრებ ამ მიმართვას, ჩემი სიცოცხლისა და გამოცდილების ლოზუნგით _ ჭკუით, ქართველებო! არ აჰყვეთ ჩვენი ერის მტრების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღმრთივ შთაგონებული განზრახვის ხელისშემშლელ პოზიციას!
ბატონო ბიძინა! ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი მიზნის მფარველი!"