მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 14 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული მცხეთობა გაიმართება. მცხეთაში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას მიღებენ როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
09:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართება.
11:00 საათზე დაგეგმილია იმ სამშენებლო პროექტების პრეზენტაცია, რომლებიც ქალაქ მცხეთაში მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს. “საქპატენტის”, მცხეთის მუზეუმის, სამხარეო პოლიციისა და ადმინისტრაციული შენობების პრეზენტაცია მცხეთის ცენტრალური ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიასთან გაიმართება, რომელსაც მხარის გუბერნატორი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
10:00 საათზე მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე მცხეთის საჯარო სკოლებისა და კულტურის სახლების საშემოდგომო გამოფენები და სანახაობები ჩატარდება.
ბავშვებისთვის გაიმართება ზღაპრის გმირების პერსონაჟების სანახაობითი წარმოდგენები, მოეწყობა სპორტული ღონისძიებები: ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ნარდი. მოეწყობა ხალხური რეწვის, კერამიკის, თექისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება სახალხო სეირნობა, გამოიფინება საშემოდგომო ნობათი.
12:30 საათზე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) განლაგებული იქნება სამი სცენა, სადაც წარდგებიან როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
თეატრონის ტერიტორიაზე განლაგებული კვების ობიექტები სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდებიან.
15:30 საათზე სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გალაკონცერტი დაიწყება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები.