"ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია მოქალაქეობის შეწყვეტა გაასაჩივროს სასამართლოში და მოითხოვოს საკუთარი უფლებების აღდგენა, მაგრამ ეს ჩემის აზრით უპერსპექტივო სარჩელი იქნება", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სამართლებრივ საკითხებში, იურისტმა კახა ასლანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც პირი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ის სახელმწიფო სთხოვს დატოვოს პირვანდელი ქვეყნის მოქალაქეობა. "ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა უნდა მოეთხოვათ მისთვის. როგორ ჩანს, ეს საფრანგეთში არ მომხდარა. მას შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და შეუძლია მოქალაქეობის შეწყვეტა გაასაჩივროს სასამართლოში და მოითხოვოს საკუთარი უფლებების აღდგენა, მაგრამ ეს ჩემის აზრით უპერსპექტივო სარჩელი იქნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს პარლამენტის წევრობა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, როდესაც ის საქართველოს მოქალაქეობასაც, ანუ ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს.
"პარლამენტის წევრად ყოფნა ან პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნება, რომელიც შემდგომში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას უკავშირდება საქართველოს მოქალაქის სტატუსს. მას შეუძლია კანონის ფარგლებში იყოს დამფინანსებელი, შემომწირველი კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი. საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება იყოს 25 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე. ამას ამბობს კონსტიტუცია. ეს იქნება პარტიის სიით თუ მაჟორიტარული წესით ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის, რომ პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნება ერთის მხრივ არ შეუძლიათ მოქალაქეობის არ მქონე პირებს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. არ შეიძლება მაჟორიტარდ იყარონ კენჭი მოქალაქეობის არ მქონე პირებმა ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. პროპორციული სისტემით არჩეული პარტიის საარჩევნო სიაში სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერ იქნება, რადგან მას არ მიენიჭება შემდგომში სტატუსი პარლამენტის წევრი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა.
მისი თქმით, თუ, პირი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს უფლება ჩაატაროს მოკვლევა და საქართველოს მთავრობას მოკვლევის საფუძველზე შეუძლია შეუწყვიტოს მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლება საქართველოს პრეზიდენტს აქვს.
"პრეზიდენტის ბრძანებულებით ხდება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება. მას სპეციალური პროცედურა აქვს, დაწყებული იმის გამოკვლევით რამდენად შეესაბამება მისი მომართვა კანონს ", - განაცხადა ასლანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამოქალაქო რეესტრმა განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშნილის მოქალაქეობის შესახებ. "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.