29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში ვიზიტით მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) დელეგაცია ჩამოვა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან; ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ნიუ-იორკის ოფისისა და EPF-ის ბრიუსელის შტაბ-ბინის წარმომადგენლები. EPF-ის აღმასრულებელ კომიტეტში გაერთიანებულია ევროპის 10 ქვეყნის პარლამენტარი, EPF-ის პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტი გიგი წერეთელი გაუძღვება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-სა და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) საპარლამენტო ჯგუფის წევრები. ასევე ევროპელი პარლამენტარები გამართავენ შეხვედრებს ქართველ დეპუტატებთან, მთავრობის წევრებთან, ეწვევიან ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, შეხვდებიან შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მოინახულებენ 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს, დაათვალიერებენ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს EPF-ის სპეციალური მისია 2008 წლის სექტემბერშიც სტუმრობდა. მათ მოინახულეს როგორც თბილისში განთავსებული იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე გორის რეგიონი. პოსტკონფლიქტურ პერიოდში ევროპის საპარლამენტო ფორუმის წევრებმა დადებითი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოსათვის: მათ ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდგომ მოამზადეს შეფასებითი დოკუმენტი და სპეციალური მიმართვა დონორი ქვეყნებისადმი, რათა აქტიური და ქმედითი დახმარება აღმოეჩინათ საქართველოსთვის რებილიტაციის პროცესში.
მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმი წარმოადგენს მსხვილ საპარლამენტო ქსელს, რომელიც 30 ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფს აერთიანებს. EPF-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ათასწლეულის განვითარების მიზნების მხარდაჭერა, დემოგრაფიის, გლობალური ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ კუთხით საპარლამენტო საქმიანობის კოორდინაცია ევროპაში.