"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აფხაზეთის პოლიტიკურ ლიდერ ალექსანდრე ანქვაბს, აფხაზ ხალხსა და საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას სპეციალურ მიმართვას უგზავნის. მიმართვის მიხედვით, "ლეიბორისტები" ორმხრივი გარდაუვალი თანამშრომლობის ინიციატივით გამოდიან.
"გამოვდივართ არაღიარების, მაგრამ ორმხრივი დიალოგის დაწყების; არაღიარების, მაგრამ გარდაუვალი თანმშრომლობის დაწყების ინიციატივით. მივმართავ ბ-ნ ალექსანდრე ანქვაბს, როგორც აფხაზი ხალხის ამჟამინდელ პოლიტიკურ ლიდერს, რომ გაქვთ ისტორიული შანსი და უნიკალური შესაძლებლობა ორმხრივი სამშვიდობო დიალოგის დაწყებისა და გარწმუნებთ, რომ ეს ქართველი და აფხაზი ხალხის საერთო ინტერესებშია. მინდა დაგარწმნუნოთ, რომ აფხაზი ხალხის მომავალი, მისი თვითმყოფადობის, ენის, კულტურის, იდენტობის გადარჩენა და მომვალი ერთიანი ქართული სახელმწიფოს წიაღშია, ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახლმწიფოს წიაღში. გიწვდით ხელს და მოგმართავთ: მოვამზადოთ საფუძვლები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის, თანაცხოვრების და თანაყოფობის პირველი ნაბიჯებისათვის. ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ და გავიცნოთ ერთმანეთი; ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს; და არ დავუშვათ ქართველი და აბხაზი მომვალი თაობების ერთმანეთთან გაუცხოვება, მითუმეტეს მტრობა; და დავიწყოთ პირველი ნაბიჯები და ეს ურთიერთობები პირდაპირი დილოგის ორმხრივ ფორმატში", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის თანახმად, მხარეები უნდა გაუფრთხილდნენ სამშვიდობო მომავლისაკენ გაჟღერებულ ყოველ ინიციატივას, ყოველ სიტყვას და ფრაზას.
კირთაძის ეს სპეციალური განცხადება დღესვე გაეგზავნება აფხაზეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას;
"დღეს სამ საათზე, პირადი შეხვედრის დროს გადავცემ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბ-ნ ფილიპ დიმიტროვს და გაიგზავნება ოფიციალურ ბრიუსელში; დღესვე, სპეციალური მიმართვა გაეგზავნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეფერენტს საქართველოს საკითხებში დავიდ სვალეის და გადაეცემა სახელმწიფო მდივანს, ქ-ნ ჰილარი ქლინთონს; დღესვე, ეს სპეციალური მიმართვა გაიგზავნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცემა ბ-ნ სერგეი ლავროვს", - იუწყება ნესტან კირთაძე.
"ლეიბორისტები" პატივს მიაგებენ ამ ომის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. "გამოვხატავთ უდიდეს ნებას, რომ ამიერიდან 27 სექტემბერი იქცეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი სამშვიდობო დიალოგის დაწყებისა და ურთიერთობების განახლების დღედ. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მიგვაჩნია, რომ თბილისში უნდა გაიხსნას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი, როგორც სამშვიდობო ინსტიტუცია და კერა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგისათვის, ჰუმანიტარული ურთიერთობებისათვის, ტრადიციებისა და კულტურული საფუძვლების განახლებისათვის, პრობლემების განსჯისა და მათი ერთობლივად გადაწყვეტისათვის. და ქართულ-აფხაზური სახლის ბაზაზე დაიწყოს ზრუნვა აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული და გარანტირებული მეორე სახელმწიფო ენის შესწავლის, დაცვისა და განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი სამშვიდობო ურთიერთობები გარდაუვალი რეალოობაა. ეს კიდევ უფრო გარდაუვალი ჩვენი მომავალია", - აღნიშნულია განცხადებაში.