სენაკის აკაკი ხორავას სახელმწიფო თეატრს წელს 130 წლის საიუბილეო სეზონი აქვს. თუმცა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის დირექტორმა, თენგიზ თოფურიძემ განუცხადა ბევრი ცდის მიუხედავად, იუბილის აღსანიშნავად ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც კულტურის სამინისტრომ თანხის გამოყოფა ვერ მოახერხა.
"ყველგან დავაგზავნე წერილები, ძალიან მინდა ეს საიუბილეო დღე მაღალ დონეზე ჩავატაროთ, თუმცა არავინ გვეხმიანება. შევაწუხეთ დეპუტატები, გამგებელი, მინისტრამდეც მივაწვდინეთ ხმა, თუმცა წინ ვერ წავედით. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იქნებ ნოემრამდე ამის დასრულება მაინც მოასწრონ. - განაცხადა თოფურიძემ.
მისივე თქმით, თეატრი ამ ვითარებაში პრემიერისთვის მაინც ემზადება.
„ გვინდა სეზონის გახსნაზე ვაჟა-ფშაველას ყველა ნაწარმოები კომპოზიციის სახით წარვადგინოთ. გაგვიხარდება, თუ ამ ახალ ინტერპრეტაციას ისეთ ვითარებაში წარვადგენთ, როგორც ამ თეატრს შეეფერება", - აცხადებს თოფურიძე და სიანანულს გამოთქვამს, რომ სახელოვანი ისტორიის მქონე თეატრის იუბილის აღსანიშნავად პრობლემა თანხები გახდა.
"ჯი-ეიჩ-ენი" ამ საკითხთან დაკავშირებით სენაკის დეპუტატ გურამ მისაბიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა ეს საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელია.
"გაკეთდება, მაგრამ არ ვიცით როდის. ბიუჯეტში თანხა არ არის და როგორ გავაკეთოთ? ბიუჯეტში ეს თანხა, რომ იქნება, მერე თვენახევარი უნდა პროცედურას, რომ თეატრს გადაერიცხოს. მოკლედ, ძალიან დიდ დროსთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ამის საწინდარი ფინანსების არ ქონაა. ჯერჯერობით გადაუწყვეტელია როდის ავღნიშნავთ იუბილეს", - განაცხადა მისაბიშვილმა.
მოგვიანებით, რედაქციას თავად დაუკავშირდა გურამ მისაბიშვილი და დააზუსტა, რომ იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები დეკემბრის თვეში გაიმართება.
მისასალმებელია, რომ საბოლოოდ სენაკის თეატრი ალბათ ღირსეულად იზეიმებს თავის იუბილეს. თუმცა ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, რომ 2011 წლის ბიჯეტის განხილვისას მომხდარიყო შესაბამისი ხარჯების გათვალისწინება და დეპუტატსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წლის განმავლობაში არ უხდებოდეთ დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა ისეთ საკითხებზე, რომელიც ცალკეული რეგიონისა თუ ქვეყნისთვის კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სენაკში 1881 წლის თებერვალში ადგილობრივი ძალებით პირველი წარმოდგენა გაიმართა. ნაჩვენები იქნა მოლიერის ,,ძალად ექიმი".
სენაკის თეატრის სათავეში იდგნენ და მის სცენაზე უმოღვაწნიათ არაერთ სახელოვან და გამორჩეულ პიროვნებებს - აქვსენტი ცაგარელს, ლადო მესხიშვილს, ვასო აბაშიძეს, მაკო საფაროვა-აბაშიძეს, ვალერიან გუნიას, შალვა დადიანს, ნუცა მხეიძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს და სხვ.
1918 წელს დაბა ახალსენაკის ცენტრში დაიდგა პიესა ,,ღალატი", რომელშიც ოთარ ბეგის როლი პირველად განასახიერა აკაკი ხორავამ, ახალგაზრდა სცენის მოყვარემ აღფრთოვანებაში მოიყვანა მაყურებელი.
საბჭოთა ხელისუფლების პირობებში თეატრს სტატუსი რამდენჯერმე შეეცვალა.
1990 წელს სენაკში, 40 წლის შემდეგ კვლავ აღდგა სახელმწიფო თეატრი, რომლის პირველი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დავით ხინიკიძე. პირველი დირექტორი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვახტანგ სალაყაია. განახლებული თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა 1991 წლის 10 ივლისს დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესით ,,დრო 24 საათი".
სენაკის თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც არქიტექტორ ვახტან გოგოლაძის პროექტით შეიქმნა, 1959 წელს გაიხსნა. თეატრის კედლების მხატვრობა ეკუთვნის მხატვარსა და წლების განმავლობაში თეატრის დირექტორს დიმიტრი (ბიჭუნა) ბარქაიას.