თელავის რაიონის სოფელ ართანაში სასმელ წყალს ხვლიკები მოყვება. როგორც ართანას მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სოფელში ორი ჭაბურღილი და ორი მთის წყაროა და ყველა დაბინძურებულია.
„კომუნისტების დროს გაუქმებული წყლის სათავე ნაგებობა ისევ აამუშავა სოფლის რწმუნებულმა და ონკანში ხვლიკები იჩხირება, წყალს ლოკოკინები და ჭიებიც მოსდევს. ნაგავსაყრელთან ადრე კოლმეურნეობამ ერთი ლაფეტი შხამქიმიკატი ჩაყარა. იქვე იყო ღორების ფერმა და წუმპე. ამ ადგილზე ახლა ჭაბურღილია გაკეთებული. სოფლის რწმუნებულს რომ ვუთხარი, აქ ჭაბურღილის გაკეთება არ შეიძლებოდა მეთქი, მითხრა, შენ ნუ დალევო. რაც ეს ჭაბურღილი გააკეთეს, სოფელში ხალხი კიბოთი იხოცება. ეს ამბავი შესასწავლია. წყალი კარგად უნდა შემოწმდეს" - აღნიშნა გუგული მამუკაშვილმა. მისი თქმით, სოფელში ხშირია დიზინტერიის შემთხვევებიც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ართანას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა რამინ კომშიაშვილმა განუცხადა, კომუნისტების დროს გაკეთებული წყლის სათავე ნაგებობიდან წყალს ყველა ოჯახი იღებს.
„წყალდიდობისას მდინარე დიდხევმა გადაუარა დრენაჟს, საიდანაც წყალი მიდის რეზერვუარამდე. დაილექა და მღვრიე წყალი წამოვიდა. განცხადებები გვაქვს გამოკრული, რომ უნდა გავწმინდოთ სასმელი წყლის სათავე ნაგებობა. სპეციალისტებს შევამოწმებინეთ და თქვეს რომ ორივე მთის წყალი სასმელად ვარგისია. რაც შეეხება ჭაბურღილს, 88 მეტრიდან ამოდის წყალი და არანაირი სიბინძურე არ არის", - აღნიშნა რწმუნებულმა.