უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან დაპირება მიიღო, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას.
ამის შესახებ სიბიჰამ „უკრინფორმს“ განუცხადა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ 27 მარტს საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დაარწმუნა, რომ არ გეგმავს PURL-ის პროგრამით შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთისთვის მიწოდებას.
„სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე ითქვა, რომ ამ პროგრამიდან სხვა გეოგრაფიულ ადგილებში არაფერი გადამისამართებულა, არც უკრაინისთვის განკუთვნილი ფონდებიდან ან აღჭურვილობიდან. დღეისათვის ასეთი გადამისამართების გეგმები არ არსებობს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ PURL-ის პროგრამაში წვლილის შეტანის შესახებ სხვა ქვეყნიდან მიიღო გარანტიები. მინისტრმა დეტალები არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკული იარაღის შეძენის პროგრამა კვლავაც მოქმედებს.
„ეს ნიშნავს, რომ ეს პროგრამა ფუნქციონირებს და გააგრძელებს განვითარებას. და ეს არის ერთადერთი შესაძლო ინსტრუმენტი ჩვენი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად“, - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღი ახლო აღმოსავლეთში არ გადამისამართებულა, თუმცა შემდგომი ქმედებები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ირანში ომის ხანგრძლივობაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 28 მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნატო-ს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შეძენილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა.