რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი კვირის განმავლობაში 3 000-ზე მეტი დრონი გამოიყენა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „შაჰედი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დრონების გარდა, უკრაინის მიმართულებით 1450-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტა გაუშვეს.
„რუსები არ ანელებენ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ომს და ამავდროულად, ისინი ღიად ეხმარებიან კიდევ ერთი ომის გახანგრძლივებაში, რაც გლობალურ დესტაბილიზაციას იწვევს.
„უკრაინას ფაქტობრივად იგივე ტიპის დრონები ესხმიან თავს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენება. ბალისტიკას ჩვენს წინააღმდეგ ისევე ცინიკურად იყენებენ, როგორც ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ.
გლობალური ბაზრების დესტაბილიზაციამ და საზღვაო გზების ბლოკირებამ არცერთი ქვეყანა არ დატოვა შედეგების გარეშე. ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 29 მარტის ღამეს, რუსეთმა უკრაინას „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენ აპარატით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 300 „შაჰედი“ იყო.