16 სექტემბერს, ბათუმის პორტში კიდევ ერთი საკრუიზო გემი შევა. Ocean Majesty-ი აჭარაში 500 ჰოლანდიელ ტურისტს შეიყვანს. გემი ბათუმის პორტში ერთ დღეს დაყოფს და აჭარის ტურისტული სააგენტო ტურისტებს სხვადასხვა სახის ექსკურსიებს შესთავაზებს, მათ შორის აჭარასა და ქუთაისში.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის განმავლობაში აჭარაში 8 საკრუიზო გემის შესვლას ელოდებიან, საიდანაც 5 საკრუიზო ხომალდმა აჭარის სანაპირო უკვე მოინახულა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განმარტებით, საქართველო საკრუიზო მარშუტებში მოსახვედრად მოლაპარაკებებს რამდენიმე ცნობილ საკრუიზო კომპანიასთან აწარმოებს, თუმცა ამისათვის რეალურად 5 წელია საჭირო.
"ზოგადად საკრუიზო ბიზნესში და სხვადასხვა მარშუტებში, რომ ჩაერთო, ეს მარშუტები, ამ საკრუიზო კომპანიების მხრიდან რეალურად 5 წლით ადრე დგება. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ კომპანიებთან ურთიერთობა და სხვადასხვა გამოფენებისას ვცდილობთ მათთან დაკავშირებას, რათა ისინი იცნობდნენ საქართველოს და დაინტერესდნენ ჩვენით", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მაია სიდამონიძის თქმით, ამჟერად საქართველო მხოლოდ იმ საკრუიზო მარშუტებშია ჩართული, რომლებიც შავიზღვისპირეთის გარკვეულ ქვეყნებში ოპერირებენ.
"თუმცა ჩვენი ინტერესია, რომ ეს მასშტაბები გავზარდოთ და უფრო ცნობილი კომპანიების მარშუტებში ჩავჯდეთ", - აღნიშნა სიდამონიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარტში აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომაარის ხელმძღვანელობით, აშშ-ში იმყოფება, სადაც მსოფლიო საკრუიზო ინფრასტრუქტურის გამოფენას - "SEATRADE MIAMI -2011"-ს დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აჭარის პირველმა პირმა შეხვედრები გამართა "Medcruise"-ს გენერალურ მდივანთან ხოსე კამპოსთან და "Tura Turism"-ის პრეზიდენტთან ერკუნტ ონერთან. შეხვედრაზე მაიამის ტურისტულ კომპანიებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. აჭარის სამთავრობო დელეგაცია შეხვდა ასევე "Royal Caribbean Cruses"-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ტერსეკთან, "Holland America Line"-ის დირექტორს სეიმონ დოუვს, ასევე "Port of Odessa"-ს დირექტორს ელვირა ლეშენსკაიასა და უკრაინის "INFLOT" -ის გენერალურ დირექტორს ოლგა ბრონესკაიასთან.