ლატვიაში 3 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის „გაერთიანებული სია“ (Apvienotais saraksts) ლიდერობს. მას ხმების 36 პროცენტი აქვს. ამის შესახებ ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით LSM წერს.
ბოლო მონაცემებით, ხმების დაახლოებით 90% დათვლილია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მე-15 სეიმში ასევე ხვდებიან „ლატვია პირველ ადგილზე“, „სუვერენული ძალა/ახალლატვიელთა გაერთიანება“, „ეროვნული გაერთიანება“, Progresīvie და „ახალი ერთობა“.
არჩევნებში 100 საპარლამენტო მანდატისთვის სულ 14 პოლიტიკური ძალის 1 428 კანდიდატი იბრძოდა.
როგორც მედია აღნიშნავს, არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალი აქტივობა გახდა. საბოლოო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 807 067-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 51.81%-ია და სეიმის არჩევნებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
არჩევნების ღამეს ხმების დათვლა მოსალოდნელზე გვიან დაიწყო. ლატვიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ საჭირო გახდა იმ ბიულეტენების დამატებითი შემოწმება, რომლებიც ამომრჩევლებს წინასწარ ჰქონდათ ჩაბარებული, შემდეგ კი მათ ხმის მიცემა ხელახლა გადაწყვიტეს.
„გაერთიანებული სიის“ ლიდერმა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ კოალიციის ფორმირებაზე პირველ რიგში მოქმედ პარტნიორებთან - „ახალ ერთობასა“ და ეროვნულ გაერთიანებასთან ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ მწვანეთა და ფერმერთა კავშირის ჩართვას, თუ ეს პარტია საბოლოოდ გადალახავს 5%-იან ბარიერს.
ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საბოლოო ოფიციალური შედეგები 19 ოქტომბრამდე უნდა დამტკიცდეს.