უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებებში საკუთარი ძალა არ უნდა დაივიწყოს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე იფიქრა, რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.
ზელენსკიმ ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აშშ-ს ნამდვილად სურს რუსეთის ომის შეჩერება.
„მე მათ ვენდობი. ამავდროულად, მესმის, რომ რთულია შეაჩერო ვინმე იმდენად ძლიერი, ვისაც გაჩერება არ სურს. ამიტომ თქვენ (აშშ – რედ.) რუსეთთან გარკვეული კომპრომისების მოძებნას ცდილობთ. მაგრამ ვფიქრობ, დროს ტყუილად დავკარგავთ, თუ რუსეთის კომპრომისებზე თამაშს დავიწყებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს ახლა „შუალედურ არჩევნებამდე რაიმე გამარჯვების მიღწევა სურს“.
თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანელებზე ზეწოლა მოახდინოს და ვითარება იქამდე მიიყვანოს, რომ მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდეს.
„იგივე ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემთხვევაშიც. თუ პუტინი დაინახავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს რაიმე სახის გამარჯვება სჭირდება, ის გადაწყვეტს, რა დათმოს და რა – არა. სწორედ ეს არის პრობლემა: პუტინმა დაიწყო ფიქრი, რომ გადაწყვეტილებების მიღება სწორედ მას შეუძლია. მაგრამ ამერიკა რუსეთზე ასჯერ ძლიერია. უდავოდ. მათ უბრალოდ არ უნდა დაივიწყონ ამის შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.