ნინო ბურჯანაძე ჩემთვის იმედგაცრუება არ არის. დღეს ნინოს გავლენა საქართველოს ელექტორატზე ნულის ტოლია, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაზეთ "სეგოდნიასათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას ვინ არის დღეს მისთვის ოპოზიციის ლიდერი, მისი ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე - ქალი, მტერი თუ იმედგაცრუება.
"სხვათა შორის თავის დროზე მას ჩვენს გუნდშიც შემოფარგლული გავლენა ჰქონდა. რატომ? მასთან არსებული მთავარი პრობლემა, ისევე როგორც ამ წრიდან ამოვარდნილი რამდენიმე ადამიანისა არის ის, რომ ფასეულობები არ დაემთხვა ერთმანეთს",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ბურჯანაძის წისვლა ყოველთვის კომპრომისთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ლეგიტიმაცია იყო საჭირო.
"და მას ჰქონდა საკმარისი შანსები, რომ გაეთავისებინა ეს ფასეულობები, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. როგორც ჩანს, ეს ადამიანს ან აქვს ან არ აქვს. ფასეულობები კი ძალიან კონკრეტულია - ფული არაფერს ნიშნავს, პირადი კარიერა არაფერს ნიშნავს, ყველაფერს ნიშნავს ქვეყანა - მისი მომავალი და რეფორმები. ეს ისეთი მარტივი ფორმულაა ვინც მასში ვერ ჯდება, მის გარეშე რჩება. და მადლობა ღმერთს. ეს მოწმობს იმას, რომ ჩვენ არა რომელიღაც კლანი ვართ და აქ ვართ არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც წილები გვაქვს რაღაც საწარმოებში, ან ჩვენს შვილებს ან ნათესავებს აქვთ, ან ერთად ჩაგვიდენია რაღაც საქმეები და ახლა ერთმანეთი უნდა დავიცვათ. ჩვენ ერთად ვართ იმიტომ, რომ ჩვენ საერთო იდეები გვაერთიანებს და ვინც მათ არ იზიარებს - გზა ფართოა და სწორედ ამაშია ჩვენი მთავარი ძალა", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ქართული ელექტორატი ამაზე ძალიან კარგად რეაგირებს.
"ანუ მომენტალურად აძლევს შეფასებას პოლიტიკას, ხალხის სიტყვა ხომ იმაზე უფრო ბრძნულია, ვიდრე ნებისმნიერი ჩვენთაგანი კოლექტიურად. პოლიტიკოსების დიდი ილუზია მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც არის ის, რომ შეიძლება ხალხი გააბითურო და მოატყუო და ის ამას გადაყლაპავს. ჩვენთან ეს არ ხდება, რაღაცნაირად გაზრდილია საზოგადოებრივი მენტალობა და ძალიან ძნელია მისი სხვა რელსებზე გადაყვანა. თუ შენ არ გაფასებენ მიზეზები შენს თავში უნდა ეძებო", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.