რუსეთის პრემიერს იმპერიული ძლიერების დაბრუნება სურს. ასეთი შეფასება მოყვა თბილისში ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, მერაბ ბერძენიშვილის დიდების მემორიალის მოსკოვში აღდგენასთან დაკავშირებით. ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი საბჭოთა დიდების დაბრუნებას ცდილობს.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის აზრით, მოსკოვი ამ იდეის განსახორციელებლად საბჭოთა გადმონაშთებს აგროვებს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება ქუთაისში დიდების მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა და რუსეთში ქართულ დიასპორას სთხოვა, რომ ძეგლის მოსკოვში აღდგენა და განთავსება დააფინანსონ.
"ჩვენ გვახსოვს ვლადიმერ პუტინის ყველაზე უფრო ცნობილი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა. ამის ფონზე თუკი ვიმსჯელებთ ამ ახალი განცხადების შესახებ, გასაგები ხდება რომ მათ ის კი არ სურთ პატივი მიაგონ ქართველ ვეტერანებს, არამედ ისინი ზრუნავენ იმ იდეოლოგიური ღერძის აღდგენაზე, რომლის ძალითაც მოქმედებდა საბჭოთა კავშირი" - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.