ადვოკატი შალვა შავგულიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ავტორიტეტზე ზრუნვის ინტერესიდან გამომდინარე არ დაელოდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგან ისეთივე მითითებს, როგორიც გიორგი ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული უკრაინის მიმართ და გონივრულ მოკლე ვადებში თავად მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, როგორც ინდივიდუალურს, ისე ზოგადს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში დადგენილი დარღვევების შედეგების აღმოფხვრა.
შავგულიძე იუსტიციის მინისტრს მიმართავს: "მ ო გ მ ა რ თ ა ვ თ თ ხ ო ვ ნ ი თ: გვაცნობოთ:
რა ინდივიდუალური ზომების მიღებას აპირებს საქართველოს სახელმწიფო, რათა გონივრულად მოკლე ვადებში აღმოფხვრას `ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ~ საქმეზე ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებით დადგენილ დარღვევათა შედეგები. კერძოდ: აპირებს თუ არა ის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩაატაროს ქმედითი ხელახალი გამოძიება; ამხილოს მოცემულ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი - უშუალო აღმსრულებლების, წამქეზებლების და ორგანიზატორების ჩათვლით; სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და სათანადოდ დასაჯოს ისინი; გამოავლინოს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს და სათანადოდ დასაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს მოცემული დანაშაულის შეუტყობინებლობა ან/და დაფარვა; რა ზოგადი ზომების მიღებას აპირებს სახელმწიფო, რათა ამგვარი დარღვევები ამიერიდან აღარ იქნას დაშვებული. კერძოდ, გათვალისწინებულია თუ არა სათანადო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაში და სხვა; იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მოქმედი, საქართველოს 2009 წლის 09 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესის მხარედ, როგორი სახით იქნება უზრუნველყოფილი დაზარალებულ გურამ გირგვლიანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის (ადვოკატების) ჩართულობა აღნიშნული საქმის ხელახალ გამოძიებასა და შესაბამის სასამართლო განხილვებში; ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, 2011 წლის 26 ოქტომბრამდე, გადარიცხოთ ევროპული სასამართლოს მიერ სამართლიანი ანაზღაურების ფარგლებში მითითებული თანხები - 50 000 ევროსა და 388 ევროს ექვივალენტი ლარი, შესაბამისი საგადასახადო დანარიცხების დამატებით, მომჩივან გურამ გირგვლიანის საბანკო ანგარიშზე", - აღნიშნულია მიმართვაში.
2011 წლის 26 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" (#25091/07), რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად სცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი, აგრეთვე კონვენციის 38-ე მუხლი. კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი ანაზღაურების ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ბატონ გურამ გირგვლიანს უნდა გადაუხადოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე 388 (სამას ოთხმოცდარვა) ევრო მის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით.