ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების გასხვისებას აპირებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს შეძენით კი ფარმაცევტული კომპანია ავერსია დაინტერესებული. ამის შესახებ ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით აუქციონი 25 დეკემბერსაა დანიშნული და ორივე საავადმყოფოს საწყისი ფასი 12 მილიონიდან იწყება, თუმცა ლეიბორისტებს სხვა ინფორმაციაც აქვთ.
"კულუარული ინფორმაციით თვითეული ამ საავადმყოფოს ფასი 80 მილიონია, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩენილი ფული ვიღაცის ჯიბეში წავა" - აღნიშნა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტების აზრით მაშინ, როცა ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია მძვინვარებს მსგავსი საავადმყოფოების გასხვისება ანტისოციალური აქტია.
"ქვეყანაში გრიპი მძვინვარებს, ეპიდემიების ეპოქაში ვცხოვრობთ და საავდმყოფოს გაყიდვა შეიძლება?! ყველას კარგად გვახსოვს როგორი ასი საავადმყოფო ააშენეს და ვეღარავის მოგვატყუებენ. მოვუწოდებ ამ საავადმყოფოების სავარაუდო მყიდველებს რომელთა შორის ჩვენი ინფორმაციით ავერსიცაა, უარი თქვით აუქციონზე მონაწილეობაზე წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ეს შენობები მაშინვე ჩამოგერთმევათ", - განაცხადა გუგავამ.