სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, საზოგადოებრივი მაუწყებლის RTS-ის შენობასთან შეიკრიბა ათასობით დემონსტრანტი, რომელთაც 15-წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. დემონსტრანტები რკინიგზის სადგურის ჩამონგრევაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
საპროტესტო აქცია ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრატები პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ სადგურის ჩამონგრევის გამო, რომელსაც 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სერბული პროსამთავრობო მედია ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საპროტესტო აქცია "უცხო ძალების მიერ მართულად" გაასაღოს. პროსამთავრობო გაზეთი Vecernje Novosti ცდილობს დაარწმუნოს თავისი მკითხველი, რომ აქტივისტებს, ტყუპ ძმებს ლაზარ და ლუკა სტოიაკოვიჩებს, ბელგრადის უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს ხორვატიის საიდუმლო სამსახური უხდის ფულს პროტესტის ორგანიზებისთვის.
"კორუფციამ ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა და ეს არის სახურავის ჩამონგრევისა და 15 ადამიანი დაღუპვის მთავარი მიზენი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აქ სისტემა არ გვაქვს, ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს", - ამბობენ ლუკა და ლაზარ სტოიაკოვიჩები.
სტუდენტები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს მმართველ სერბეთის პროგრესულ პარტიას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.
საპროტესტო აქციებში ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, სხვა არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. ისინი კვირების განმავლობაში უცხადებდნენ ბოიკოტს სასწავლო პროცესს და ითხოვდნენ ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას, რომელიც დაკავშირებულია სადგურის რეკონსტრუქციასთან და ასევე, ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას.
შეგახსენებთ, რკინიგზის სადგურ "ნოვი სადის" ახლადგარემონტებული სახურავის ბეტონის საფარი 1-ელ ნოემბერს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით გარდაიცვალა.