ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ სამხრეთ ოსეთში ომის შესახებ რუსეთის მიერ გაგზავნილი სისხლის სამართლის მასალების ასლები განიხილა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა სასამართლო გამოძიებას. ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" წერს. გამოცემის მიხედვით, ამ პროცესის პარალელურად საქართველოც საკმაოდ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში და ცდილობს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის იმ უწყებებში, რომლებმაც სისხლის სამართლის პროკურორ ლუისუ მორენო-ოკანპოსთან ერთად იმუშავეს საქმის წინასწარ შემოწმებაზე დარწმუნებულნი არ არიან, რომ საქმე სასამართლომდე მივა. ამის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსგან განსხვავებით რუსეთის მიერ რომის სტატუსის რატიფიცირებისგან თავის შეკავება სახელდება, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სამართლებრივ სტატუსს. არსებული წესების მიხედვით, სასამართლოს ფარგლებში გამოძიების ჩატარების ინიცირება შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოს ან პროკურორს.
"ჩვენ ვართ ლუისუ მორენო-ოკანპოს კეთილი ნების მძევლები. თუ ის უარს განაცხადებს საქმის გამოძიებაზე, ინსტრუმენტები რათა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აიძულოს დაიწყოს რაიმე ქმედება, ჩვენ არ გაგვაჩნია", - განუცხადა კრემლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა "კომერსანტს".
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ საქმის ფიგურანტები ასევე გახდებიან სამხედრო მოქმედებებში ჩართული რუსეთის მხარის მონაწილეები, მით უფრო რომ საქართველო შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე რუსეთის წინააღმდეგ საქმის დაწყების თაობაზე. ამის შესახებ გაზეთს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ განუცხადა.