კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ორი კონფლიქტი სამად აქცია.
"მართალია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი კონფლიქტი აქვს - რუსეთთან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ორი კონფლიქტი სამად აქცია. 2005 წლის თებერვალში გავიგე პირველად ტერმინი "რუსეთთან კონფლიქტი". ეს მანკიერი და მიუღებელი პოზიცია გრძელდება ახლაც. ეს უნდა დამთავრდეს. რეალობა უნდა ვაღიაროთ. კონფლიქტები გვაქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთანაც", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი აზრით, ის, რაც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მივიღეთ, უაღრესად დიდ შეცდომებზე აგებული პოლიტიკის შედეგი იყო, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, კოდორის ხეობაზედაც "გასულიყო", ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა, მათთან საერთაშორისო ხელშეკრულებები გაეფორმებინა და ამ შეთანხმებების საფუძველზე იქ თავისი ჯარები შეეყვანა.
"საქართველოს ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ შექმნა ახალი კონფლიქტი - ესაა თბილისი-ცხინვალის კონფლიქტი. მართალია, ქართულ მხარეს ეს არ უნდოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთს უნდოდა და გამოვიდა ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. რუსეთმა შეგვიტყუა, მოგვატყუა", - განმარტა კონფლიქტოლოგმა.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან სამი წლისთავზე არსებულ სიტიაციას, ზაქარეიშვილის შეფასებით, ომამდე უფრო კარგი სიტუაცია იყო, ვიდრე ახლაა.
"დღევანდელი გადასახედიდან, 2006 წლის აგვისტომდე ერთგვარად სანატრელი სიტუაციაც კი იყო - მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სერგეი შამბა თბილისში ჩამოვიდა და სერიოზული დოკუმენტი ჩამოიტანა... იქამდე, 2005 წლის დეკემბერში, სააკაშვილის სახელზე კოკოითიმ გამოგზავნა დოკუმენტი, სადაც მოლაპარაკებებს გვთავაზობდა, ანუ დიალოგი მიდიოდა. ძნელად, ნელა, მაგრამ მიდიოდა. ქართულ-აფხაზურ დონეზე მოლაპარაკებები 2006 წლის აგვისტოში გაწყდა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში ჯარები შეიყვანა და მოსკოვის ხელშეკრულება დაარღვია. ამ შეთანხმებით არავის ჰქონდა ხეობაში სამხედრო შეიარაღებული ძალების ყოლის უფლება - არც რუსებს, არც აფხაზებს და არც ქართულ მხარეს. იქ მხოლოდ ადგილობრივი მილიცია უნდა მდგარიყო. 2006 წლის ნოემბერში ჩვენს ხელისუფლებას უკვე მეორე შეცდომა მოუვიდა, როცა ახალგორში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ალტერნატიული არჩევნები ჩაატარა და დიმიტრი სანაკოევი აირჩია. ამჯერად ქართულ-ოსულ ურთიერთობებში გაწყდა ყოველგვარი კონტაქტი, დასრულდა სამშვიდობო პროცესი და დაიწყო გაუცხოება, რაც ეფექტურად გამოიყენა რუსეთმა და ჩაგვითრია, შეგვიტყუა საომარ მოქმედებებში. 2006 წლის შემდეგ (და არა 2008 წლის შემდეგ) არაფერი შეცვლილა. ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დღეს ისეთივე გაუცხოებაა, როგორიც იყო 2006 წლის ზაფხულიდან მოყოლებული არსებობდა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.