ადვოკატები სახელმწიფოს მიერ რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ადვოკატირების კამპანიას იწყებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი და საბჭოთა იმპერიის რეპრესიების მსხვერპლთათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება მოხდა, 2010 წელს კი ევროპულმა სასამართლომაც დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას რეპრესირებულთათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გაცემა, ეს პროცესი არ დაწყებულა. ჩვენი მორალური ვალია, რომ ამ ადამიანებსა და მათ შთამომავლებს დავეხმაროთ მორალური ზიანის ნაწილობრივ მაინც აღდგენაში", - განაცხადა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, რეპრესირებულებს ან მათი ოჯახის წევრებს სარჩელისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სასამართლოში წარდგენა და პროცესზე ადვოკატირება გაეწევათ.
როგორც კონფერენციაზე გაცხადდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპენსაციის მიღების მოთხოვნით სულ 575 რეპრესირებულის სარჩელი შევიდა, მათგან 272-ს დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო ის უკან დაუბრუნდა.
"დანარჩენ სარჩელებს რა ბედი ეწიათ, საქალაქო სასამართლოში არ გვეუბნებიან. ამბობენ, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვსო", - განაცხადა პრესკონფერენციაზე საზოგადოება "მემორიალის" ხელმძღვანელმა გურამ სოსელიამ, რომელიც აღნიშნულ კამპანიაში ადვოკატებთან ერთადაა ჩართული.
აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის ოდენობა არც ერთ საკანონმდებლო აქტში განსაზღვრული არ არის. კანონების მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა რეპრესიის ფორმის სიმძიმის, რეპრესირებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და "სხვა ობიექტური ფაქტორებით" უნდა განისაზღვროს.
შეგახსენებთ, რომ საბჭოთა იმპერიის რეპრესიებს ათასობით ქართველი ემსხვერპლა. მათთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის მოთხოვნა რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს - მეუღლეს, შვილებს და მშობლებს შეუძლია.