ევროკომისიამ კომპანია Google, რომელიც Alphabet Inc.-ს ეკუთვნის, სარეკლამო ტექნოლოგიათა ბაზარზე ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდი ევროთი (3.5 მილიარდი აშშ დოლარი) დააჯარიმა და საკუთარი სარეკლამო ტექნოლოგიების სერვისების მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ Google-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია, როდესაც თავის სარეკლამო ბირჟებს კონკურენტებთან შედარებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებდა და რომ მან ეს პრაქტიკა უნდა შეწყვიტოს.
„როდესაც ბაზრები კრახს განიცდიან, სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ დომინანტი მოთამაშეების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
ჭეშმარიტი თავისუფლება ნიშნავს თანაბარ სათამაშო მოედანს, სადაც ყველა თანაბარ პირობებში კონკურენციას უწევს ერთმანეთს და მოქალაქეებს აქვთ არჩევანის რეალური უფლება“, - განაცხადა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა კომისარმა ტერეზა რიბერამ.
კომპანიამ დაუყოვნებლივ პირობა დადო, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
Google-ის მარეგულირებელ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, ლი-ენ მალჰოლანდმა, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „გაუმართლებელ ჯარიმას აწესებს და მოითხოვს ცვლილებებს, რომლებიც ათასობით ევროპულ კომპანიას დააზარალებს, რადგან მათთვის მოგების მიღებას გაართულებს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს ევროკავშირის „უსამართლო გადაწყვეტილებას“, რომლის მიხედვით Google-ს 3.5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს.
„დღეს ევროპამ კიდევ ერთ მსხვილ ამერიკულ კომპანიას, Google-ს, 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ფაქტობრივად, ამით წაართვეს თანხა, რომელიც სხვა შემთხვევაში ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს მოხმარდებოდა. როგორც ადრე ვთქვი, ჩემი ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ დისკრიმინაციული ქმედებების ძალაში შესვლას. მაგალითად, Apple-ს 17 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რომელიც, ჩემი აზრით, არ უნდა დაეკისრებინათ – მათ თავიანთი ფული უნდა დაიბრუნონ! ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ასე თუ მოხდება, იძულებული ვიქნები, დავიწყო 301-ე მუხლის შესაბამისად პროცესი, რათა გავაუქმო ამ გადასახადის გადამხდელი ამერიკული კომპანიებისთვის დაკისრებული უსამართლო ჯარიმები“, - დაწერა ტრამპმა The Truth Social-ზე.