უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებთან განიხილავს ჯარების განლაგების საკითხს და ეს ნამდვილად არ იქნება ერთეულებში, არამედ ათასებში.
ამის შესახებ ზელენსკიმ უჟგოროდში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს საკითხი, რომლის შესახებაც თქვენ თქვით, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ 10 ათასი [სამხედრო იქნება უკრაინაში]. კიდევ ერთხელ, რაოდენობაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. დიახ, ეს ნამდვილად არ იქნება ერთეულებში, არამედ ათასებში. და ეს ფაქტია, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, ევროპელმა დიპლომატმა „The Wall Street Journal“-ს განუცხადა, რომ ევროპელმა სამხედრო ლიდერებმა შეიმუშავეს დეტალური განლაგების გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სახმელეთო ძალების ორი ჯგუფი განთავსდება: ერთი უკრაინელი ჯარების გაწვრთნისა და დახმარებისთვის და მეორე, ცალკეული ძალა რუსეთის მომავალი შეჭრის შესაკავებლად.
დიპლომატის თქმით, ამჟამინდელი გეგმა უკვე ითვალისწინებს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგებას, ხოლო უკრაინის თავზე საჰაერო პატრულირებას ქვეყნის გარეთ განლაგებული საჰაერო ძალები განახორციელებენ.