ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მისი მოთხოვნები გაითვალისწინა და სისხლის სამართლის კოდექსში ორი პრინციპული ცვლილების შეტანაზე თანახმაა. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, "ქართული დასის" მიერ მომზადებული მრავალსაკითხიანი პაკეტიდან, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს ორი არსებითი საკითხის შესრულებაზე ხელისუფლება უკვე თანახმაა. ეს საკითხები ეხება უდოს ვადების შემცირებას და შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას.
როგორც ბაღათურია განმარტავს, ხელისუფლების წინადადებაა, რომ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი 50 პროცენტამდე დავიდეს, თუმცა მისი თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ამ პრინციპის საერთოდ გაუქმებას ითხოვს.
"მთავარია არსებობს თანხმობა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებით და ეს კონკრეტულად როგორ განხორციელდება ამ საკითხის მოგვარება ადვილი იქნება", - აცხადებს ბაღათურია.
რაც შეეხება უდოს ვადების შემცირებას, ბაღათურიას თქმით, ხელისუფლება ამ პრინციპის განხორციელებაზეც თანახმაა და მისი პოლიტიკური ძალის ინიციატივაა, რომ ეს ვადები შემდეგი პრინციპით შეიცვალოს.
მსუბუქი დანაშაულისათვის დღეს მოქმედი კანონმდებლობით ვადაზე ადრე გათავისუფელბა ხდება სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ. ბაღათურია კი ვადის 1/3-მდე შემცირებას ითხოვს.
მძიმე დანაშაულისათვის დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ვადაზე ადრე გათავისუფლება შესაძლებელია სასჯელის 2/3-ის მოხდის შემდეგ.
ბაღათურიას თქმით, ეს ვადა 1/2-მდე უნდა შემცირდეს. რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, უდოს პრინციპი დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოქმედებს სასჯელის 3/4-ის მოხდის შემდეგ ბაღათურია კი ამ ვადის 2/3-მდე შემცირებას ითხოვს.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, აღნიშნული პრინციპი შეთანხმებულია საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ხელისუფლებასთან და აცხადებს, რომ ახლა მთავარი ცვლილებების კანონში ასახვაა და იმედოვნებს, რომ ახალ წლამდე საკითხის სამივე მოსმენით მიღება იქნება შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა რომ ახალ წლამდე 11 დღეა დარჩენილი. ამასთან პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს ასრულებს. ბაღათურია კი აცხადებს, რომ "თუკი პოლიტიკური ნება იქნება საკითხის სამოვე მოსმენით მიღება იქნება შესაძლებელი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მიღება ერთი მოსმენით მაინც მოხდეს. რაც იმის ნიშანი იქნება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია" - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.