ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ იტოვებს უფლებას განაახლოს ომი, რომელიც 15 თვეზე მეტია გრძელდება, "საჭიროების შემთხვევაში" - თუ შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება.
მან ასევე დაადასტურა მანამდე არსებული ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მასირებული თავდასხმის დროს ჰამასის მებრძოლების მიერ აყვანილი 33 მძევალი სახლში დაბრუნდება.
ამ დროისთვის, როგორც ისრაელის მედია ადრე იტყობინებოდა, პრემიერ-მინისტრის ოფისისთვის მხოლოდ 30 მძევლის ვონაობაა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, სრული სია ცეცხლის შეწყვეტამდე არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
„ისრაელი არ მოითმენს შეთანხმების დარღვევას. „ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ჰამასს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, 17 იანვარს ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელმა, „ჰამასმა“, შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას.
შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას დაახლოებით 1000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.