პროკურატურა ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობას ვერ ადასტურებს. მაგრამ პროკურატურის მასალებში არც მისი მკვლელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვება. პროკურატურის მასალებში დაზუსტებით მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდგენ, ზვიად გამსახურდიას დევნა ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სპეცსამსახურების მიერ ხორციელდებოდა.
ამის შესახებ განცხადება პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მიხეილ ოსაძემ გააკეთა.
მიხეილ ოსაძე კომისიაში ექსპერტის სტატუსით არის ჩართული. იგი წინა ორი მოწვევის პარლამენტარი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილეა და სწორედ მის სახელს უკავშირდება შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკმაოდ ხმაურიანი საქმეების გამოძიება.
ოსაძის განცხადებით, `ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება გენერალურ პროკურატურაში 1994 წელს დაიწყო და 2004-ში დასრულდა. მთელი ათწლიანი მუშაობის შედეგად რვა ტომი დაიდო, რომლის დასკვაშიც ნათქვამია, რომ ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის შესახებ. პროკურატურა იმასაც ამბობს, რომ ვერ მოიპოვა მისი მკვლელობის დამადასტურებელი მასალები.~
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს იარაღი, ასევე დაკარგულია მასრა და გულა.
მისივე თქმით, პროკურატურის მასალებში მრავლად არის მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგოა იმ პირების მიერ მიცემული ჩვენება, რომელთაც ზვიად გამსახურდია გასროლიდან რამდენიმე წუთში ნახეს.
ასევე საქმეში დევს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის წერილი, რომელიც პროკურატურას წერს, რომ ტყვიის კვალი და ჭრილობის მიმართულება თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
`პროკურატის მასალები ცხადყოფს, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი და ბოლომდე მისაყვანი. სიმართლის დასადგენად ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებული~, - აცხადებს ოსაძე.