ფინეთის ქალაქ ოულუში მიმდინარე ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, ჰენრი კუპრაშვილმა, ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მასშტაბურ შეჯიბრებაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჰენრი კუპრაშვილი 80+ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა.
მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
სპორტსმენის გამგზავრება და ჩემპიონატში მონაწილეობა უზრუნველყვეს საქართველოს სპორტის სამინისტრომ (შ. გოგოლაძე), ეროვნულმა ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ (მ. აზარაშვილი) და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (დ. გურგენიძე).
ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე: „ჰენრი კუპრაშვილი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ასაკის დამარცხება და მსოფლიო მწვერვალების დაპყრობა. იგი ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა”.
ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „ბატონი ჰენრი მხოლოდ სპორტული მიღწევებით არ გამოირჩევა. იგი ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი და აღიარებული მეცნიერია. მის ანგარიშზეა 5 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი და ასზე მეტი მოხსენება საერთაშორისო კონფერენციებზე. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ასპარეზობისას მას მსოფლიო ჩემპიონის უკვე 10 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.“
მაია აზარაშვილი, ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი: „ბატონი ჰენრი ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. მიუხედავად ასაკისა, იგი დაუღალავად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, მათ შორის მარათონულ გარბენებში. ფედერაციამ მას, როგორც მოქმედ სპორტსმენს, სტიპენდიაც დაუნიშნა და გვიხარია, რომ მან ჩვენი იმედები კიდევ ერთხელ გაამართლა.“
„ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, მსოფლიო ასპარეზზე საქართველო მესახელებინა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მენდო და მხარი დამიჭირა: სპორტის სამინისტროს, ფედერაციას „სპორტი ყველასათვის“, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საცურაო აუზს - „ტონუსი“. განსაკუთრებული მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა გამამხნევებელი სიტყვები მთელი კვირის განმავლობაში დიდ ძალას მმატებდა“, - განაცხადა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთიდან.