სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 15,4 % მოაგროვა, ბაღაფშთან ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
როგორც ხაჯინბა გაზეთ "ნოვიე იზვესტიისათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, არჩევნები აფხაზეთში გაყალბდა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. ცესკოს არჩევნების ტოტალური გაყალბების საშუალება დამატებითმა სიებმა მისცა. ამასთან, ხაჯინბა განმარტავს, რომ ხმის მიცემის პროცესში არსებული დარღვევები ე.წ. დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს, მაგრამ "არც ერთმა მათგანმა ხმა არ ამოიღო".
"შეუძლებელია ე.წ. დამკვირვებლებს არ დაენახათ მანიპულაციები ე.წ. დამატებით სიებთან დაკავშირებით. მათ კარგად ნახეს ისიც, თუ როგორ არიგებდნენ არჩევნების ღამეს აფხაზურ პასპორტებს, ისე როგორც ნახეს, როგორ ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ თუ პასპორტში არჩევნებში მონაწილეობის შტამპი არ ექნებოდათ, ისინი ვერც პენსიას და ვერც დახმარებას მიიღებდნენ. ამის მიუხედავად, ე.წ. დამკვირვებლებმა არჩევნები მაინც ჩატარებულად აღიარეს",_ აცხადებს ხაჯიმბა და დასძენს, რომ იგი არ აპირებს ამ არჩევნების აღიარებას და არ აპირებს მასში "გამარჯვებული" ე.წ. პრეზიდენტისათვის მილოცვას.
"არავითარი პოსტი არ მჭირდება. მომავალშიც პოლიტიკით და "ედინაია აბხაზიასთან" (ბაღაფშის პარტია) ბრძოლით ვიქნები დაკავებული, რომელიც სინამდვილეში აფხაზ ხალხს არ წარმოადგენს. ხუთი წელიც და რამდენიც გნებავთ დაველოდები, მაგრამ მივაღწევ, რომ ეს პარტია წავიდეს", - აცხადებს რაულ ხაჯიმბა.