პარლამენტმა რელიგიური გაერთიანების სტატუსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ისე დაამტკიცა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენის ვერსია დარბაზში არ დარიგებულა. "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით 70 ხმით 0-ს წინააღმდეგ, ფორსმაჟორულ ვითარებაში დამტკიცდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ კუბლაშვილის მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილებით, "სამოქალაქო კოდექსში" ხაზგასმით ჩაიწერება, რომ კონსტიტუციით შეთანხმება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება.
ასევე, საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეული რელიგიები.
რაც შეეხება ინიციატივაში შესულ ორ ახალ მუხლს - რომლის თანახმადაც, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას ეწარმოებინა მოლაპარაკებები შესაბამის სახელმწიფოსთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, ასევე სხვა საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვალა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე, აგრეთვე შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით - "სამოქალაქო კოდექსში" აღარ აისახება.
ასევე კანონში არ ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტი თავის თავზე აიღებდა ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფდა ცვლილებების მომზადებას შესაბამის კანონში, რომლითაც განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართმადიდებლური ტაძრების დაცვის დამატებითი ღონისძიებები.