დავით ბაქრაძემ გერმანიაში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გერმანიის ფედერაციის ქალაქ გარმიშში საერთაშორისო კონფერენცია `ლიდერობის პერსპექტივები" გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის კურსდამთავრებულებმა და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიიღო.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორიზმის გლობალურ საფრთხეებზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"აშშ-ში მომხდარმა 11 სექტემბრის ტერაქტმა მთლიანად შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა და ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი დემოკრატიული საზოგადოებისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მან თავის გამოსვლაში საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობებზე და კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.