ევროკავშირი, უნგრეთის ბლოკადის მიუხედავად, 2026-28 წლებში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მაინც გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი) თავის სიტყვას არ ასრულებს.
მაგრამ მომეცით უფლება, გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი კიევში. ჩვენ ამას ასე თუ ისე მაინც გავაკეთებთ,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან გაიხსენა, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდასაჭერად 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო.
„იყო ერთი პირობა - პირობა, რომ სამი ქვეყანა (უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი) არ მიიღებდა მონაწილეობას სესხში. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი „რთული გამოწვევების წინაშე დგას“ და დასძინა: „თუმცა, დღეს ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება. ეს ძალიან კარგი ევროკავშირის საბჭო იყო.“
ევროკავშირის ლიდერებმა 19 მარტს განიხილეს უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხი, თუმცა ვერ შეძლეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ორბანის დარწმუნება, რომ ვეტო მოეხსნა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გააკრიტიკეს ორბანის შესახებ მისი შეუფერებელი განცხადებების გამო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს კულუარებში განაცხადა, რომ უნგრეთი არ მოხსნის უკრაინისთვის ხელსაყრელ არცერთ გადაწყვეტილებას მანამდე, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას არ განაახლებს.