განსხვავებული რასის წარმომადგენელთა მიმართ ანტიპათია ყველაზე მაღალია სომხეთში. ამის შესახებ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
კვლევის იმ ნაწილში, რომელიც ტოლერანტობას ეხება, აღნიშნულია, რომ ადამიანები, ზოგადად, არ არიან წინააღმდეგნი, თუ მათი მეზობლები სხვა რელიგიური აღმსარებლობის არიან. თუმცა გარდამავალი ეკონომიკის მქონე 6 ქვეყანაში შეუწყნარებლობის მაჩვენებელი 20 პროცენტია, ხოლო მოლდოვაში - 30%.
"ამასთანავე, ადამიანები უფრო ეწინააღმდეგებიან ემიგრანტებს და განსაკუთრებით განსხვავებული რასის წარმომადგენლებს. ემიგრანტების მიმართ ანტიპათია ყველაზე ძლიერია თურქეთში (30 პროცენტზე მეტი). მას მოსდევს მონღოლეთი და რუსეთი. განსხვავებული რასის წარმომადგენელთა მიმართ ანტიპათია ყველაზე მაღალია სომხეთში (30 პროცენტზე მეტი). მას მოსდევს მოლდოვა და თურქეთი", - აღნიშნულია კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი "ცხოვრება გარდამავალ პერიოდში" კვლევის შედეგებს ავრცელებს. კვლევა - "ცხოვრება გარდამავალ პერიოდში" - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა 2010 წლის ბოლოს ერთობლივად ჩაატარეს. გამოკითხული იქნა დაახლოებით 39 000 რესპოდენტი 34 ქვეყანაში - ბრიტანეთიდან ბალკანეთამდე, ალბანეთიდან უზბეკისტანამდე, უკიდურესი დასავლეთით საფრანგეთიდან უკიდურეს აღმოსავლეთით მონღოლეთამდე. კვლევაში წარმოდგენილია ნათელი დადასტურება იმისა თუ როგორ იმოქმედა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მისმა შედეგებმა ადამიანების ცხოვრებაზე. კვლევის მიზანია, ნათელი გახდეს, რა გავლენა იქონია ბოლოდროინდელმა კრიზისმა და ბერლინის კედლის მოშლიდან ორი ათწლეულის განმავლობაში სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდაქმნამ მოქალაქეებზე - განსაკუთრებით ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში. იგივე კითხვა დაუსვეს მოქალაქეებს დასავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში - ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და შვედეთში.