კონტროლის პალატის დასკვნის თანახმად, ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ სამეცნიერო დანიშნულების მიწის ფართობი პირადი ქონებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად გამოიყენა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა და 2007-2009 წლების პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, სამეცნიერო დანიშნულების 3000 ჰა მიწის ფართობის 85% გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობისთვის, ინსტიტუტის ხელმძღვანელთა პირადი ქონებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც მათ თვითნებურად გასწიეს 2 664,8 ათასი ლარის არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯი.
ძირითადი კულტურების მიხედვით მიღებულად ნაჩვენებია მოსავლის მხოლოდ 62%. მიღებული სხვაობის (38%) საბაზრო ღირებულება შეადგენს 3 207,0 ათას ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს მოგების გადასახადის სახით დამატებით დააკლდა სულ მცირე 630,0 ათასი ლარი; მოყვანილი კულტურების გაყიდვით მიღებული ამონაგები 746,5 ათასი ლარით ნაკლებია მინიმალურ საბაზრო ფასზე; ინსტიტუტი ეწეოდა მევენახეობას და მეცხოველეობას, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობასთან და იგეგმებოდა ზარალით, რამაც 265,0 ათასი ლარი შეადგინა; ინსტიტუტების მიერ საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციების წარუდგენლობით და გადასახადის შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 211,5 ათასი ლარი; კანონმდებლობის დარღვევით იყო განხორციელებული 2574,3 ათასი ლარის შესყიდვები.
ინსტიტუტის ხელმძღვანელთა ჯგუფი, მეცნიერების სახელის მიღმა, სახელმწიფო ქონების ხარჯზე ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს და რამაც 9891,4 ათასი ლარი შეადგინა.
"აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნით, ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ფლობა გაუმართლებელი იყო და არ ემსახურებოდა სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ინტერესებს", - ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში.