საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მესამე მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია. დოკუმენტს რეგულირების სამი საგანი აქვს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლების ლუსტრაცია, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღკვეთა.
"თავისუფლების ქარტიის" პროექტი დიდწილად მოიცავს სწორედ ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შეძლო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათი მომავალი განვითარება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა საქართველოში მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ეს ცალსახად დადებითი და საჭირო ნაბიჯია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის. თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ამ კანონის ამოქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, იმდენადვე საფრთხილოა მისი არსებობა. თუკი კანონი დატოვებს მისი არასწორი ინტერპრეტაციისა და გამოყენების საშუალებას, სერიოზულად დადგება ადამიანის უფლებებათა დარღვევისა და კანონის პირადი ინტერესებისათვის გამოყენების საფრთხე.
კანონპროექტის დღევანდელი რედაქციის სრულყოფისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რიგი შენიშვნების დროული გათვალისწინება. 3 ივნისს საია საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ქარტიასთან დაკავშირებით მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას და მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს კანონის "თავისუფლების ქარტიის" პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.